” გახარია შეიძლება ბევრ რამეში დაადანაშაულო, მაგრამ ვერ დაადანაშაულებ ვერც კორუფციაში, ვერც ნეპოტიზმში, ვერც სხვა მავნე პრაქტიკაში “- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას.
“ვისაც მასთან უმუშავია ან მასთან შეხება ჰქონია, არ აქვს მნიშვნელობა როგორი პოლიტიკური გემოვნებით – ოპოზიციონერი იყავი თუ არაოპოზიციონერი – ვინც გიორგი გახარიას და მისი მუშაობის სტილს იცნობს, ვერცერთი ვერ მოიყვანს ერთ კონკრეტულ მაგალითსაც კი, რომელიც პოტენციურად კორუფციულ გარიგებებს შეიძლება უკავშირდებოდეს. პირიქით – ის იყო პირდაპირი მტერი ქრონიზმის, მეგობრებისთვის გარკვეული პრეფერენციების მიცემის, ნეპოტიზმის და რაც მთავარია კორუფციის – ის არასდროს არავის ანიჭებდა განსაკუთრებულ პრივილეგიას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ადამიანი იყო ოპოზიციიდან თუ მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნეს წარმომადგენელი.
ზოგადად რომ შევაფასო გუშინდელი საღამო, ვისურვებდი, ბევრად უფრო შინაარსიანი, ბევრად უფრო სოლიდური ყოფილიყო. საკრებულოში გუშინდელი შეხვედრა არასოლიდურობის ერთ-ერთი ეტალონი იყო. იმის ნაცვლად, რომ ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს, კითხვას ასმევინებდნენ, უსმენდნენ (ეს მხოლოდ მმართველ პარტიას არა, ოპოზიციასაც ეხება), მივიღეთ მასკარადი და უკბილო ხუმრობები. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის საკრებულოს რეპუტაციისთვისაც”,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.