კანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს. გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ის გვიან ღამით, თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
“პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკული მდგომარეობით, არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში. დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა მორიგე რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს.