გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი, რომელიც 8 აპრილიდან უკრაინაში რუსეთის ჯარს ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ გამოცემა The New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. ბოლო დროს დვორნიკოვი ფრონტზე აღარ უნახავთ.
“ბოლო ორი კვირაა ის აღარ უნახავთ, რამაც ზოგიერთი ჩინოვნიკი დააფიქრა იმაზე, არის თუ არა ის კვლავ პასუხისმგებელი საბრძოლო მოქმადებებზე“– წერს გამოცემა და აკონკრეტებს, რომ დანიშვნის შემდეგ გენერალმა მოახერხა უფრო მოწესრიგებული გაეხადა რუსული არმიის მართვის პროცესი. კერძოდ, რუსულმა ავიაციამ დაიწყო მოქმედებების კორდინაცია სახმელეთო ჯარებთან, ქვედანაყოფებმა საერთო მიზნების ერთმანეთთან შეთანხმება და განხილვა დაიწყეს. თუმცა, მთლიანობაში რუსული არმიის “ხასიათის“ შეცვლა მან ვერ მოახერხა– თვლის პროექტ “კრიტიკული საფრთხეების“ დირექტორი ფრედერიკ კაგანი.
“რუსულ არმიას აქვს ზოგიერთი სიღრმისეული ნაკლი, რომელთა გამოსწორებას ბოლო რამდენიმე კვირაში ვერ შეძლებდნენ, ძალიანაც რომ მოენდომებინათ“– ამბობს ის.
ჯამში, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთშიც იმავე შეცდომებს იმეორებენ, რომელთა გამო მათ ქვეყნის დაპყრობა ვერ შეძლეს და მისი ჩრდილო–დასავლეთი ნაწილიდან გასვლა მოუწიათ.
გამოცემა წერს, რომ რუსი პილოტები ცდილობენ რისკს თავი აარიდონ, როგორც ომის პირველ კვირებში. ისინი საზღვარს შეტევის განსახორციელებლად კვეთენ, თუმცა ცდილობენ მალევე დაბრუნდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან უკრაინის საჰაერო სივრცეში დიდხანს დარჩენის ეშინიათ. შედეგად, რუსეთმა დღემდე ვერ შეძლო ჰაერში უპირატესობის მოპოვება.
ჟურნალისტები წერენ, რომ შეტევის ნელმა ტემპმა რუსული ჯარი უკვე გამოფიტა, რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები კი უკვე 20 %–ით შემცირდა.