გერმანელი სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ გერმანიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეტევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Tagesspiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
პარალელურ ვერსიად განიხილება მემარცხენე ექსტრემისტების ბრალეულობა, რომლებმაც წარსულში ერთხელ უკვე გადაჭრეს გერმანიის რკინიგზის კაბელები. გაზეთი აზუსტებს, რომ რუსულ კვალთან დაკავშირებული ვერსია შესაძლოა რეალური იყოს, რადგან კრემლს უნდა ევროპაში პანიკა დათესოს.
გერმანიის რკინიგზის გაჩერებასთან რუსეთის შესაძლო კავშირზე საუბრობენ ექსპერტები.
“ეს არ იყო არაპროფესიონალების გაკეთებული. ეს პროფესიონალურად გაკეთდა. იმის ალბათობა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩარეული, ძალიან მაღალია, თუმცა მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს. ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა“– თქვა უსაფრთხოების ექსპერტმა პიტერ ნოიმანმა RTL-ის ეთერში.
შაბათს უცნობმა პირებმა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს, რამაც გერმანიის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად გამოიწვია რკინიგზის გაჩერება. კაბელები დილის 6:40 საათზე გადაჭრეს, ერთდროულად ორ ადგილზე – ბერლინსა და ჰერნში(ქალაქი ქვეყნის დასავლეთში)– წერს Tagesspiegel.
გერმანული რკინიგზის ოპერატორმა, Deutsche Bahn–მა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედების ქმედებები წინასწარ განზრახული იყო, სიტუაციას კი საბოტაჟი უწოდა. მიზანმიმართული აქტი უწოდეს მომხდარს გერმანიის შს და ტრანსპორტის მინისტრებმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა ევროკავშირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.