გერმანია ახალ წელს სრული ლოქდაუნით შეხვდება

შობის წინ გერმანია კვლავ სრულ საერთონაციონალურ კარანტინს აცხადებს, რომელსაც წინ მკაცრი ზომების რამდენიმე კვირიანი შესუსტება უძღვოდა. ანგელა მერკელმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების და სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებლები აღინიშნა.

ოთხშაბათიდან იკეტება არა პირველადი დანიშნულების მაღაზიები, სილამაზის სალონები და სკოლები. კომპანიებისთვის რეკომენდირებულია მაქსიმალურად გაუგრძელონ თანამშრომლებს საშობაო არდადეგები და უზრუნველყონ მათი სახლიდან მუშაობა.

ოჯახებში ჯგუფებად შეკრება, მათ შორის შობის პერიოდში შეზღუდული იქნება. ასევე აკრძალულია ქუჩაში ზეიმი და ფეიერვერკების გაყიდვა.

“ეს ყველაფერი დღესასწაულებს გააფერმკრთალებს, კარგად ვიცით. მაგრამ სიტუაცია გვაიძულებს ასეთი ნაბიჯი გადავდგათ“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ლოქდაუნი 10 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს. კანცლერის ოფისის განცხადებით შეზღუდვების მოხსნა ნაკლებად მოსალოდნელია ზამთრის განმავლობაში, ან იმ მომენტამდე, რცა ქვეყანაში მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი ვაქცინა გამოჩნდება.