ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი “უარყოფდა” უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივას და დაადანაშაულა გერმანიის მთავრობა იმაში, რომ თავდაპირველად ის ამჯობინებდა უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო, ვიდრე კონფლიქტი დიდხანს გაჭიანურებულიყო.
ჯონსონმა CNN-ის პარტნიორ ქსელს CNN Portugal განუცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდებოდა მანამ, სანამ მოსკოვი 24 თებერვალს უკრაინაში სრულმაშტაბიან შეჭრას დაიწყებდა.მან ევროვკავშირის სამი წამყვანი ქვეყანა გამოყო. მართალია ჯონსონმა ხაზი გაუსვა, რომ მოგვიანებით ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის გარშემო გაერთიანდნენ და ახლა მას მტკიცე მხარდაჭერას უწევენ, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ასე არ იყო.
„ეს იყო უზარმაზარი შოკი… ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებს ძალიან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ“, – განუცხადა ჯონსონმა CNN Portugal–ს.
“რაღაც მომენტში გერმანელები თვლიდნენ, რომ რომ თუ ეს მოხდებოდა, რაც კატასტროფა იქნებოდა, მაშინ უკეთესი იქნებოდა, რომ ყველაფერი სწრაფად დასრულებულიყო და უკრაინა მალე დაცემულიყო”, – თქვა ჯონსონმა და განმარტა, რომ ასეთ მიდგომას სხვადასხვა ეკონომიკური მიზეზებით ამართლებდნენ.
”მე ამას ვერ დავუჭერდი მხარს, ვფიქრობდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა. მაგრამ მე მესმის, რატომ ფიქრობდნენ და გრძნობდნენ ისინი ასე. გერმანია ცდილობდა სწრაფად შეემცირებინა მისი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.“თქვა ჯონსონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სათავეში ჩაუდგა ევროპის მცდელობებს, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინაში შეჭრა გადაეფიქრებინა და მას კრემლში ეწვია რამდენიმე კვირით ადრე, სანამ რუსეთის ლიდერი თავისი ჯარის უკრაინაში შეყვანის ბრძანებას გასცემდა. მარტში, საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის უფროსს, გენერალ ერიკ ვიდოს, უთხრეს, რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან ნაწილობრივ იმის გამო, რომ „ვერ განჭვრიტა“ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, განუცხადა CNN-ს იმ დროს ამ საკითხში კარგად გაცნობიერებულმა სამხედრო წყარომ.
ჯონსონმა ასევე გააკრიტიკა იტალიის თავდაპირველი რეაქცია შეჭრის საფრთხეზე. მან უთხრა Quest-ს, რომ იტალიის მთავრობა, რომელსაც იმ დროს,მარიო დრაგი ხელმძღვანელობდა – “ერთ ეტაპზე უბრალოდ ამბობდა, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ მხარი დაუჭირონ ჩვენს პოზიციას”, რუსულ ნახშირწყალბადებზე მათი უზარმაზარი დამოკიდებულების გათვალისწინებით.
CNN დაუკავშირდა საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებს. დრაგის ოფისმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ბევრი დამკვირვებელი თავდაპირველად თვლიდა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში კვირებში ან დღეებში დასრულდებოდა, მაგრამ კიევის ძალებმა მოიგერიეს მოსკოვის თავდაპირველი შეტევა დედაქალაქისკენ და ახლახანს ჩაატარეს წარმატებული კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის დასაბრუნებლად.
ჯონსონმა თქვა, რომ როგორც კი რუსეთმა თებერვალში უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ევროპის მასშტაბით დამოკიდებულება სწრაფად შეიცვალა.
„მოხდა ის, რომ ყველამ – გერმანელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა, ყველამ (აშშ-ის პრეზიდენტმა) ჯო ბაიდენმა დაინახა, რომ არჩევანი უბრალოდ არ არსებობდა. იმიტომ, რომ ამ ბიჭთან (პუტინთან) ვერ მოილაპარაკებ. ეს არის საკვანძო მომენტი“, – თქვა ყოფილმა პრემიერმა და დასძინა, რომ მას შემდეგ „ევროკავშირი ბრწყინვალედ მოიქცა“ რუსეთთან დაპირისპირების საქმეში.
„ყველა ჩემი წუხილის შემდეგ… მე პატივს მივაგებ იმას, თუ როგორ იმოქმედა ევროკავშირმა. ისინი გაერთიანდნენ. სანქციები მკაცრი იყო“, – განაგრძო ჯონსონმა.
მისი მმართველობის პერიოდში ჯონსონი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მჭიდრო ურთიერთობას ქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ჯონსონი იძულებული გახდა გადამდგარიყო ივლისში მას შემდეგ, რაც განმეორებითმა სკანდალებმა მისი რეპუტაცია შეარყია და გამოიწვია მისი ათობით მინისტრის გადადგომა.
ჯონსონმა განუცხადა CNN-ს, რომ ზელენსკი “აბსოლუტურად გამორჩეული” იყო თავის ხელმძღვანელობაში. “ის ძალიან მამაცი ბიჭია. ვფიქრობ, ამ კონფლიქტის ისტორია სრულიად განსხვავებული იქნებოდა, ის რომ იქ არ ყოფილიყო.
მან დასძინა, რომ „თუ უკრაინა აირჩევს იყოს ევროკავშირის წევრი, ისინი ამაზე უნდა წავიდნენ. და ვფიქრობ, ეს კარგი იქნება უკრაინისთვის“, რაც დაეხმარება უკრაინას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში.
კიევმა ბლოკში გაწევრიანებაზე განაცხადი მიმდინარე წლის დასაწყისში გააკეთა.