გერმანია საყოველთაო კარანტინის დასრულებისთვის ემზადება. გერმანიაში მცხოვრები ქართველი გერმანული რეალობის შესახებ

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გერმანია ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გამართული ჯანდაცვის სისტემით, მაშტაბური ტესტირებით, მკაცრი კარანტინით და სხვადასხვა ზომებით მან შეძლო სიკვდილიანობის დონის მინიმუმამდე შემცირება და ვირუსთან ბრძოლა. ამ დროისთვის გერმანიაში 101,178 ინფიცირებულია. გარდაცვლილია 1,612 ადამიანი. ტესტირებულია მილიონამდე გერმანელი. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კარანტინის მდგომარეობიდან და როგორ დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ირინე დანელია ამბობს, რომ ერთ–ერთი მთავარი აქცენტი სპეციალურ აპლიკაციაზე კეთდება, რამაც ქვეყანას დაავადების კონტროლის საშუალება უნდა მისცეს.   ირინე დანელია მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ შვეცინგენში,  არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში. გერმანული რეალობის შესახებ ის სპეციალურად newsreport.ge-სთვის მომზადებულ სტატიაში გვიამბობს.

 

“უკვე რამდენიმე კვირაა ფაქტიურად მთელი მსოფლიო აქამდე არნახული მასშტაბების საყოველთაო საგანგებო სიტუაციის პირობებში იმყოფება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნების  მედიასაშუალებებში საყოველთაო “Lock Down”ის სახელით მოიხსენიებენ.  სოციალურმა დისტანციამ, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების ექსპონენციალური ზრდის შესაჩერებლად იყო საჭირო,  მართლაც გამოიღო გარკვეული შედეგები, თუმცა დღის წესრიგში ასევე მწვავედ დააყენა ამ სიტუაციიდან გამოსვლის სტრატეგიის შექმნის აუცილებლობა.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის არც ვაქცინა არსებობს და არც თერაპიის ეფექტური მეთოდი, ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა რაც შეიძლება ზუსტად იქნას დაავადების გავრცელების სისწრაფისა და ხარისხის დადგენა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი სიტუაციის მოდელირება და ეპიდემიის შესაძლო მასშტაბების გამოთვლა.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ორი კვლევა, რომელთა შედეგებიც რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო ინტერნეტ გვედებზე გამოქვეყნდა.

პირველი კვლევა  მიუნხენის კლასტერს ეხება და  იძლევა წარმოდგენას   იმის შესახებ, თუ რა სისწრაფითა და ინტენსივობით ხდებოდა დაავადების გავრცელება (https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3551335). კვლევის ამოსავალი წერტილი, ანუ ეგრეთწოდებული ნულოვანი პაციენტი, იყო იანვრის ბოლოს ბავარიის ავტო-ნაწილების მწარმოებელ ერთ-ერთ ფირმაში საქმიან ვიზიტით ჩამოსული ჩინელი ქალი, რომლისგანაც ვირუსი 16  ადამიანს გადაედო. საერთო ჯამში კვლევაში მონაწილეობდა 249 ადამიანი, რომლებსაც  ნულოვან პაციენტთან სხვადასხვა ინტენსივობის კავშირები გააჩნდათ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადების გავრცელება სხვადასხვა ინტენსივობით  მე-4 თაობის  კონტაქტებამდეა შესაძლებელი. ამასთან, დაავადების გადატანის ხარისხმა ოჯახის უახლოეს წევრებზე 75%  შეადგინა, ერთ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს შორის, მათ  შემდგომ იზოლაციამდე – 10%, ხოლო ყველა დანარჩენ კონტაქტებზე 5%. 108 დისტანციურ კონტაქტებზე დაავადების გავრცელება საერთოდ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე მკვლევარებმა მიიღეს ზოგადი დასკვნა, რომ  თუკი ადამიანს აქვს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში პირდაპირი კავშირი დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე, მაშინ არსებობს 5% შანსი დაავადების გადაცემისა, რაც, მეცნიერების აზრით ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

დაახლოებით იგივე პრობლემატიკას ეხება ინგლისელი ეპიდემიოლოგის, პროფესორ კრისტოფერ ფრეიზერის ხელმძვანელობით ჩატარებული მეორე, ასევე უაღრესად აქტუალური და საინტერესო კვლევაც , რომელის კონკრეტული მიზანიც იყო პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რა სახის ზომების გატარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხში, ისე რომ არ ყოფილიყო საჭირო ეგრეთწოდებული საყოველთაო „ლოკ დაუნი“ (https://science.sciencemag.org/content/early/2020/03/30/science.abb6936).  ამისთვის მკვლევარების ჯგუფი შეეცადა განესაზღვრა დაავადების თუ რომელ ეტაპზე რა ინტენსივობით ხდებოდა ინფექციის გავრცელება.

კვლევის შედეგად გაირკვა,  რომ ვირუსული ინფექციის გავრცელება ასიდან 46 შემთხვევაში ხდებოდა პაციენტების პრესიმპტომატურ პერიოდში, ანუ მაშინ, სანამ ინფიცირებული ადამიანი რაიმე სახის საეჭვო სიმპტომებს გამოამჟღავნებდა, ხოლო ასიდან 54 შემთხვევაში პაციენტის მიერ საეჭვო სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ. რაც ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების გავრცელების 46 % -ს  ადგილი აქვს მაშინ, სანამ ფარულად ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ არანაერ ეჭვს არ იწვევს. რადგანაც ტესტირება უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომების გამომჟღავნების შემთხვევაში კეთდება და ასევე სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგ ხდება პაციენტის იზოლაცია და მისი შესაძლო კონტაქტების კვლევა, ცხადი ხდება, რომ უსიპტომო ინფიცირებულისაგან ვირუსი უკვე  რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად შეუმჩნევლად ვრცელდება. აქედან გამომდინარე ვირუსის გავრცელება თითქმის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მის შესაკავებლად მიღებული ზომები შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად შეუძლებელია საყოველთაო კარანტინის გარდა სხვა რაიმე ფორმით ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება, თუ არ იქნა შესაძლებელი უფრო სწრაფად  მოხდა საეჭვო კონტაქტების აღრიცხვა და იზოლაცია.

რა გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში და რა ფორმითაა შესაძლებელი დაავადებულთა გამოკვლევისა და იზოლაციის პროცესის დაჩქარება?

ამ პრობლების გადაჭრის ეფექტურ გზად კრისტოფერ ფრეიზერის კვლევითი ჯგუფი თანამედროვე ტექნოლოგიების მიზანმიმართულ გამოყენებას მიიჩნევს. მკვლევარების აზრით, თუკი შექმნილი იქნება აპლიკაცია მობილური ტელეფონებისათვის, რომელის საშუალებითაც ადრეულ ეტაპზე მოხდება ინფიცირებული ადამიანის ყველა შესაძლო კონტაქტის აღრიცხვა და დროული იზოლაცია, რათქმაუნდა იმ პირობით, რომ ამ აპლიკაციას მოსახლეობის მინიმუმ 60% მაინც გამოიყენებს, მაშინ შესაძლებელი იქნება დაავადების გავრცელების კონტროლი, ისე რომ, თავიდან იქნას აცილებული როგორც ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, ასევე საყოველთაო კარანტინი.  ამასთანავე შესაძლებელი გახდება ეტაპობრივად აღდგეს საზოგადოების ცხოვრების ჩვეული რიტმიც. ამ მოსაზრებას ამტკიცებს სამხრეთ კორეის დადებითი მაგალითი, სადაც მასობრივი ტესტირების პარალელურად თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით უსწრაფესად და მაღალეფექტურად ხდებოდა შესაძლო ინფიცირებულთა ლოკალიზება და იზოლაცია.

ახლა მოკლედ იმის შესახებ თუ როგორ ფუნქციონირებს სატელეფონო აპლიკაცია.

მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულ ადამიანს გამოუმჟღავნდა საეჭვო სიმპტომები იგი იწყებს მობილური ტელეფონის საშუალებით აპლიკაციის შევსებას. მობილური აპლიკაცია სიმპტომების რეგისტრაციის საფუძველზე სავარაუდო ინფიცირებულს ანიჭებს ტესტის ჩასატარებლად საჭირო საიდენტიფიკაციო კოდს, რის შემდეგაც  პაციენტს უტარდება შესაბამისი ტესტი. დადებითი  პასუხის შემთხვევაში ასევე აპლიკაციის საშუალებით ხდება ყველა იმ საეჭვო აბონენტის დადგენა, ვისთანაც ამ მობილური ტელეფონის მფლობელს ჰქონდა  საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ ახლო კავშირი, იმისათვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო მათი დაინფიცირებაც. შემდეგ ეტაპზე ხდება ამ საეჭვო კონტაქტების ინფორმირება, იმის შესახებ, რომ მათ ჰქონდათ ვირუსით დაავედებულ ადამიანთან კონტაქტი, რის საფუძველზე მათაც უტარდებათ სიმპტომების გამომჟღავნებამდე ტესტირება და მაშინვე ხდება მათი იზოლაციაც.

ეჭვგარეშეა, რომ ახალი კორონა ვირუსის შემთხვევაში მთავარი პრობლემა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელის გარდა, მისი გავრცელების სისწრაფეა, რაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს იწვევს. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ არ არსებობს ვაქცინა, პრიორიტეტულად სწორედ ვირუსის გავრცელების სიჩქარის შენელება რჩება.

გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში უკვე  განიხილება შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლო გზები და ვადები. ამასთან მიმართებაში მასმედიის საშუალებებში მართლაც უფრო და უფრო ხშირად განიხილება მობილური ტელეფონების მონაცემების დამუშავების საფუძველზე ეპიდემიის გავრცელების სიჩქარის კონტროლის შესაძლებლობა. რადგანაც გერმანიის არსებული კანონმდებლობით მოქალაქეების თანხმობის გარეშე ასეთი აპლიკაციის გამოყენება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს აპელირება მოახდინოს საზოგადოების ფართო მასებზე, რათა მათ გამოიჩინონ მაღალი სოციალური შეგნება და ნებაყოფლობით ჩაერთონ მობილური აპლიკაციის მომხმარებელთა რიგებში. ამავე მეთოდის გამოყენებაზე საუბარია ასევე ავსტრიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

მობილური ტელეფონების მონაცემებისა დამუშავებისა და სპეციალური აპლიკაციების საშუალებით მართლაც  რომ გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ამას სამხრეთ კორეის მაგალითიც მოწმობს. თუმცა  რამდენად წარმატებული იქნება იგი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ეს მეტ წილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება მოქალაქეების მზაობა ნებაყოფლობით და კეთილსინდისიერად ისარგებლონ ამ აპლიკაციით.“

ირინე დანელია