გერმანიის პროკურატურამ არასწორად შეარჩია სიტყვები, როდესაც საქართველოს მთავრობა დაახასიათა, როგორც “პრორუსული” – გერმანიის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა და პროკურატურის მიერ შერჩეული სიტყვები გააკრიტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„საბედნიეროდ, ქართველებმა, ოფიციალურმა პირებმა თავიდან აიცილეს კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც სავარაუდოდ კადიროვმა დაუკვეთა. ევროკავშირი მეზობლებს ასეთ საზარელ დანაშაულებთან გამკლავებაში უფრო მეტად უნდა დაეხმაროს. გერმანიის პროკურატურამ სიტყვები არასწორად შეარჩია, როდესაც საქართველოს მთავრობას „პრორუსული“ უწოდა“,- წერს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
??Georgian officials thankfully averted one more murder in #Tbilisi allegedly ordered by #kadyrov. EU should help more its neighbors in fighting such heinous crimes. German prosecutor’s office chose words unfortunately when characterizing Georgian government as “pro-Russian”
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 18, 2020
ცნობისთვის, დღეს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა და მას ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.
განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.