გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში.

ლინდნერმა თქვა, რომ გერმანიამ  მისი  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრული დივერსიფიცირება მოახდინა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ლინდნერის თქმით, ბერლინმა ენერგიის იმპორტის ახალი წყაროები მოიძია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეწყვიტა გაზის  მიწოდება ევროპაში.

„დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ დღეს ის აღარ არის რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებული, არამედ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა მან.

ადრე გერმანიას რუსეთიდან მიეწოდებოდა გაზის მოხმარების დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი.

რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება აგვისტოში შეუწყვიტა, ხოლო გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა.

ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებაში ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, შეაჩერა გერმანიის სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის საცავების მოცულობა., როგორიცაა ნორვეგია და აშშ.

ლინდნერმა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, ყურადღება გაამახვილა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ტერმინალის აშენების სისწრაფეზე – საცავი დაახლოებით რვა თვეში  აშენდა– თქვა მან.

”ეს მხოლოდ ერთი მაგალითია გერმანიის პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილებისა”, – თქვა მან.

“ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ კანცლერ მერკელის ეპოქის შემდეგ. ეს ეპოქა იყო ორიენტირებული წარსულის ძლიერ მხარეებზე და ახლა ჩვენ ვაშენებთ მომავლის ძლიერ მხარეებს”, – თქვა ლინდნერმა.

ბატონმა ლინდნერმა ასევე თქვა, რომ გერმანიის ინფლაციამ პიკს გასულ წელს მიაღწია.

„სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკა აღდგება იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.