გერმანული საფეხბურთო ბუნდესლიგა შესაძლოა ევროპაში პირველი მსხვილი ლიგა გახდეს, რომელიც მინდორზე დაბრუნდება. ხუთშაბათს ორივე დივიზიონის მეთაური თათბირისას 9 მაისიდან ტურნირების განახლების წინადადებით გამოვიდა. ახლა ეს წინადადება ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების პრემიერ მინისტრმა უნდა მოიწონონ. გადაწყვეტილებას ისინი 30 აპრილს გამოაცხადებენ.
ბელორუსის პრემიერ ლიგა ერთადერთია ევროპაში, რომელსაც კორონავირუსის გამო თამაშები არ შეუწყვეტია. ამ ქვეყანაში კარანტინი ან შემზღუდავი ზომები საერთოდ არ შემოუღიათ.
პარალელურად, ხუთშაბათს უეფამ რამდენიმე წინადადება განიხილა, თუ როგორ შეძლებენ გუნდები კვალიფიცირებას მომავალი წლის ევროპულ ჩემპიონატებზე, თუ ახლო მომავალში ეროვნული ლიგები შეჯიბრებებს არ განაახლებენ. ვარიანტებს შორის განიხილება ჩემპიონატების ჩვეულებრივი განრიგებით დასრულების შესაძლებლობა, ასევე მინი ტურნირების ან ფლეი ოფის თამაშების ჩატარება.
უეფამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო, კვლავ ევრო2020–ად მოიხსენიება. “ეს გადაწყვეტილება უეფას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს თავდაპირველი იდეა ეს ტურნირი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 60 წლისთავისთვის მიუძღვნას (1960–2020)“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.