“ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
ნაცვლიშვილის თქმით, სუს-მა საკუთარი მოვალეობა “ფრიადზე” შეასრულა და გააუვნებელყო პოტენციური დამნშავე, რის შედეგაც გაბუნია საღსალამათია.
“რა ინფორმაცია დაგვიგროვდა საქართველოს მოქალაქეებს გვარამიას ბრიფინგის, გაბუნიას კომენტარის და სუს-ის განცხადების გაცნობის შემდეგ? გავიგეთ, რომ სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინიდან კოორდინირდებოდა, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის ჩადენის მიზნით. ეს ინფორმაცია მიიღეს გვარამიამ და სუს-მა. ორივე სუბიექტს წარმოეშვა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური ვალდებულება, ყველაფერი ეღონა პოტენციური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად. სუს-მა მისი წილი ვალდებულება ფრიადზე შეასრულა – გამოავლინა, კონტროლზე აიყვანა და გააუვნებელყო პოტენციური დამნაშავე – გაბუნია, ღვთის მადლით, საღსალამათია”,- წერს “ქართული ოცნების” PR კონსულტანტი.
მისივე თქმით, ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნია სასიკვდილო საფრთხეზე არც კი გააფრთხილა, რის გამოც, ნაცვლიშვილის მტკიცებით, ინტუიციურად უნდა ვხვდებოდეთ, ვის რა შედეგით უნდოდა ამ ისტორიის დასრულება.
ახლა ვნახოთ, როგორ მოიქცა გვარამია. გარდა იმისა, რომ მან არ თავი აარიდა სამართლებრივ ვალდებულებას და სახელმწიფოს არ შეატყობინა მის ხელთ არსებული და, როგორც თვითონ ამბობს, უტყუარი ინფორმაცია, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის მომზადების თაობაზე, მან არ შეასრულა მთავარი (@მთავარი), არც კი გააფრთხილა გაბუნია, სასიკვდილო საფრთხე გემუქრება და შესაბამისი ზომები მიიღეო, რაც არც გაბუნიას უარუყვია. ინფორმაცია, ჯამში, მწირი გვაქვს მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ინტუიციურად მაინც მივხვდეთ, ვის როგორ შედეგით სურდა, ეს ისტორია რომ დასრულებულიყო.
პ.ს. რომ შევაჯამოთ – უკრაინიდან კოორდინირებული შეკვეთილი მკვლელობის თაობაზე გვარამია ინფორმირებული იყო და მან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების (უმოქმედობის), ანუ შეუტობინებლობის ჩადენის ხარჯზეც კი დამალა ეს ინფორმაცია. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.”,- წერს სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილი.
გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
გვარამიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გიორგი გაბუნიას დაცვა გაუძლიერდა. თავად გაბუნია ამბობს, რომ მოთვალთვალე პირები მისმა დაცვის წევრებმა შენიშნეს.