გვარამიამ შეცდომაში შემიყვანა, ხელი მომაწერინა, შოკისმომგვრელია – გოგორიშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა და “კითხვებზე ხელი მოაწერინა”.

“მოგახსენებთ, რომ დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი, ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითიც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ ჩემს მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით, აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა.

მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემოთ აღნიშნული სრულ თანხვედრაშია ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი როგორც ექიმის დისკრედიტაციას”, – წერს ნინო გოგორიშვილი.

მისივე თქმით, ტექსტი, რომელიც გვარამიამ წაიკითხა, “ნაწილობრივ სიმართლეა, ნაწილობრივ – ფაქტების ინტერპრეტაცია”.

“მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი საქართველოდან უცხოეთში სამკურნალოდ, სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება”, – თქვა ნინო გოგორიშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ თქვა, რომ გოგორიშვილმა ხელი მოაწერა ტექსტს, რომლის მიხედვითაც, რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა სრულფასოვანი ფსიქორეაბილიტაციისთვის.

გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, გუშინ ნინო გოგორიშვილმა “პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს მოაწერა ხელი”, რის გამოც “ადამიანურად განადგურებულია”.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ნინო გოგორიშვილს პოზიცია “არაადამიანური ზეწოლის შედეგად” შეაცვლევინეს.