გვარამიას ნომერი საჯაროდ ხელმისაწვდომია, თუმცა შევისწავლით, დაირღვა თუ არა კანონი – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ნომერი “საჯაროდ ხელმისაწვდომია”, შეისწავლიან, დაარღვია თუ არა პარლამენტის დეპუტატმა თეა წულუკიანმა მობილურის ნომრის გასაჯაროვებით კანონი.

“მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის იყო თუ არა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის დამუშავებისას სახეზე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი და შეესაბამება თუ არა აღნიშნული მონაცემის ასეთი ფორმით არსებობა და გამჟღავნება კანონს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი პირი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მონაცემთა ფართო წრისთვის გასაჯაროებას ეხება”, – ვკითხულობთ ინსპექტორის განცხადებაში.

დღეს თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა.

ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ტელეფონზე ზარები არ ჩერდება. ის მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს და სახალხო დამცველს და საელჩოებს მიმართავს.