“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თეა წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დააკისრა. დასკვნაში წერია, რომ პირადი ინფორმაციის გავრცელება, სახიფათო პრეცედენტი შეიძლება იყოს, თუმცა თეა წულუკიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდება.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი.
2021 წლის 2 თებერვალს პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში”, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.
2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რასაც უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.