ISFED-ი ავხადებს რომ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც სკოლის დირექტორების და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ადასტურებს. დოკუმენტით,დასტურდება, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.
“მოწოდებულ დოკუმენტში ჩანს, რომ რესურს-ცენტრს ჰქონდა წინასწარ შედგენილი სია სახელწოდებით ქეთევან ჭიპაშვილის მხარდამჭერები (ადამიანები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში). აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილია ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების იმ დირექტორებისა და მათი მოადგილეების სახელები (საკონტაქტო ინფორმაციით), რომელთა კამპანიაში ჩართვაც სავარაუდოდ, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ იყო გამიზნული. საგულისხმოა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქეთევან ჭიპაშვილმა საარჩნო კოდექსით დადგენილი აგიტაციის წესი დაარღვია, რასთან დაკავშირებითაც “სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო ადინისტრაციაში საჩივარი წარადგინა” – ნათქვამია განცხადებაში,
“მოპოვებული ინფორმაცია ადასტურებს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზებისა და საარჩევნო მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. აღნიშნული ასევე წარმოადგენს სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მცდელობას, რაც საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს:
- საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების/მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე. ასევე გადადგას აქტიური ნაბიჯები განათლების სფეროში პოლიტიკური გავლენების აღმოსაფხვრელად.