გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც არ იყო დაცული რეკომენდაციები – იმნაძე აღდგომის დღეებზე

პაატა იმნაძის თქმით, შემთხვევების მატება იმას უკავშირდება, რომ ადამიანები აღდგომის დღეებში რეკომენდაციებს არ იცავდნენ.

მისი თქმით, ინფიცირებულთა ზრდა სასაფლაოებზე გასვლამ და დღესასწაულების ქეიფით აღნიშვნამ გამოიწვია.

,,კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, 10 დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა გაცემული. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს”,- აცხადებს იმნაძე.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 29 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა 485-ს მიაღწია. ასევე, დღეს COVID-19-ით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 139 ადამიანი.