გვენეტაძე ბანდიტია, სახელს გავუტეხთ საერთაშორისო საზოგადოებაში – ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აპირებენ კამპანიის დაწყებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის სახელის გატეხის მიზნით, რადგან, მისი შეფასებით, კობა გვენეტაძე “ბანდიტია”.

“ჩვენ ახლა ვიწყებთ საერთაშორისო კამპანიას. ერთადერთი ზეწოლის ფორმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე და იმ ხალხზე, ვინც იქ არის, არის რომ სახელი გაუტეხო საერთაშორისო საზოგადოებაში. რომ დაამთავრებენ მუშაობას, მერე მიდიან იქ, მსოფლიო ბანკში ან სადღაც. ჩვენ ახლა კამპანია გვექნება, რომ ამ კაცს [კობა გვენეტაძეს] არ აინტერესებს ანგარიშვალდებულება საქართველოს მოსახლეობასთან”,– ამბობს ის TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”

მისივე განმარტებით, 13%-იანი ინფლაცია, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის გადასახადის დაწესებას ნიშნავს.

“ბანდიტი ნიშნავს რას – ჩვენი შემოსავლების 13% ამ წელს წაგვართვა ინფლაციით გვენეტაძის პოლიტიკამ და გვენეტაძემ. 13% ნიშნავს იმას, რომ მან დაბეჭდა ასეულობით მილიონი, რომელიც მისცა მთავრობას და ბანკებს. ეს არის, ფაქტობრივად, რომ 13%-იანი გადასახადი დაუწესო საქართველოს მოსახლეობას. ამის გამკეთებელი კაცია ბატონი გვენეტაძე, ბატონი გიორგი ბაქრაძე, ჩვენ რომ ინტელექტუალი გვგონია, მთელი ბანდიტების ერთობლიობა”,– აცხადებს ხვიჩია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა “ქვეყანაში მოაწყო კუპონის მერე ყველაზე დიდი ინფლაცია”.