გვერთმევა 20 000 ლარი თვეში, ოპოზიციას მოვუწოდებ, დატოვეთ პარლამენტი – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმიანება პარლამენტში პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტის განხილვას.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი ლეიბორისტულ პარტიას თვეში 20 ათას ლარიან დაფინანსებას ართმევს.

“პლენარული სხდომა პარლამენტისა იხილავს ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე კანონს, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა ივანიშვილმა, მილიარდელმა 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ივანიშვილს ყოველდღე თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის, აი, ის თანხა, ამასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტია დაასრულებს, მე კი მათ ვპირდები, უფრო მალე დაასრულებენ ძალაუფლებით ტკბობას და ხელისუფლებაში ყოფნას”,– თქვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

ის მოუწოდებს პარლამენტში შესულ ოპოზიციას, ვინაიდან “ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა”, დატოვონ პარლამენტი.

ცნობისთვის, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს. ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს.