ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ – მიტროპოლიტი დავითი

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) მრევლს მიმართავს, რომ თუ მათ ეუბნებიან, ზიარებით საფრთხეს ქმნითო, არ დაიჯერონ. ასევე არ უნდა დაიჯერონ, რომ ერთად გვერდიგვერდ დგომა შეიძლება გადამდები და სხვისთვის ზიანის მომტანი იყოს.

,,ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება ამით საფრთხეს ქმნით, არ დაიჯეროთ. ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება გადამდები იყოს და სხვისთვის ზიანის მომტანი, არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცა არაფრისგან არ ვართ დაცული. გვეუბნებიან, რომ რაღაც წესები უნდა დავიცვათ, კი ვამბობთ, რომ წესის დაცვის მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ თავი უნდა შევიზღუდოთ, რაღაცა ზომით შევიზღუდავთ თავს.

გვეუბნებიან რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დადგეთ, ერთი წამით წარმოიდგინეთ, წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი დახურული და ცარიელი რომ ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის – ლიტანიობისას…არც შფოთვის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბი გვსურს. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. წესების დაცვით მოვალთ და ვეზიარებით, ისე რომ სხვა არ შეწუხდეს”,- თქვა მიტროპოლიტმა დავითმა.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება სააღდგომო ლიტურგია, თუმცა პატრიარქმა განაცხადა, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.