გვითხრეს, დაგვიმტკიცეთ რომ გაყალბებაა და რიგგარეშეს დავნიშნავთო – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ოთხვე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებებზე მიიტანა, უკან დაიხია.

“დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა, ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო. შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა”, – თქვა ელისაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს.

“მოლაპარაკებებზე მოიტანეს ეს. სხვადასხვა ფორმატებზეა საუბარი. რიგგარეშე ხომ იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხო ყველა ვამბობთ, რომ გაყალბებაა. დავამტკიცოთ ეს გაყალბება. როგორ უნდა დავამტკიცოთ და ჭრელად… დეტალებს ნუ მათქმევინებთ. ყველაფერზე მოდიან და არის სანდო მეთოდები, რითაც შეგვიძლია დავუმტკიცოთ”, — განაცხადა ელისაშვილმა.