გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ 5 ინფიცირებულში შედიოდა, მაგრამ ტესტი ისევ დადებითს აჩვენებს – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში პირველი 5 ინფიცირებულიდან ერთ-ერთი დღემდე ინფიცირებულია.

მისი თქმით, ამ პაციენტის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მძიმე ფორმაც კი არ ყოფილა, საშუალო სიმძიმის იყო.

„ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ. ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევა ფიქსირდება, მათგა 97 გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა.