გვყავს უნიკალური დაზღვევა საქართველოს მოქალაქის სახით – გახარია ივანიშვილზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს ,,უნიკალურ დაზღვევას” უწოდებს, რომელიც სახელმწიფოს ეხმარება ყველგან, სადაც სისტემური ჩავარდნა აქვს.

,,ქართუ და ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, რომელსაც ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, იქ, სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში”, – განაცხადა გახარიამ.

ის ფონდი ქართუს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონის ჩარიცხვასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს რესურსები მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე დაიხარჯება.

,,ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ როდესაც COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას”,- ამბობს პრემიერი.

გუშინ საღამოს კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” 100 მილიონი ჩარიცხა. ამჟამად ანგარიშზე 124 543 899-ია შეგროვილი.