“ფორმულა” ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები. მისი თქმით, ისინი სცემდნენ “რეიკებით და სახაზავებით” და თუ არ დაიძინებდნენ, თვალებს რეიტუზებით უკრავდნენ.
“იყო ძალიან მძიმე ფაქტები გინდ ჩემთან და გინდ სხვებთან მიმართებით. იქ იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი შიგნით ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული. [გვცემდნენ] ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში”, – ყვება ის.
ყოფილი ბენეფიციარის თქმით, მისი პანსიონში ყოფნის პერიოდში ბავშვების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ არ სმენია.
“იყო ფაქტები, როდესაც თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი ადრე იყო ნასამართლევი 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა, დაწვა”, – თქვა მან.