ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-ზე წერს, რომ თუ მოსახლებას უნდა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები არ გვქონდეს და ნორმალურ ცხოვრებას მალე დავუბრუნდეთ, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.
“სადღეისოდ მთელს მსოფლიოში, პირველ რიგში ევროპის და ამერიკის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში აღინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების მატება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე საუბრობენ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებაზე, ან მის მოახლოებაზე. შესაბამისად, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ამკაცრებს შეზღუდვებს, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოაცხადა ე.წ. მესამე lockdown. მდგომარეობას ართულებს SARS-CoV-2-ის ახალი შტამებით (ე.წ. ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და სხვ., რომლებიც მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან) გამოწვეული შემთხვევების ზრდა.
საქართველომ ა.წ. 15 მარტამდე ვაქცინის არქონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით ნაკლები შეზღუდვების მიუხედავად, COVID პანდემიის სწორი მენეჯმენტით მიაღწია იმას, რომ COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რიცხვი ევროპის და ამერიკის ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალია, რამაც საშუალება მოგვცა მინიმუმამდე დაგვეყვანა შეზღუდვების რაოდენობა.
სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით – არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე. ასეთი დამოკიდებულება შეიცავს COVID შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია.
დღეს საქართველო COVID პანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი. თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას – უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვეყანას აქვს მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინების არჩევანის საშუალება და ძალიან კარგად გამართული ვაქცინაციის ქსელი მთელს ქვეყანაში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველთა ნაკადების ოპტიმალურ მართვას. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ვაქცინაცია ხორციელდება მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ და მაღალკვალიფიციური მედპერსონალით დაკომპლექტებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.“– წერს თენგიზ ცერცვაძე.