პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, ეს ერთჯერადი პროექტი იქნება.
“მე თუ პოლიტიკურ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, ეს იქნება ერთჯერადი მონაწილეობა, არ არის პოლიტიკა ჩემი საქმე, რომ გრძელვადიან კარიერაზე ვიფიქრო და არც იმ ასაკში ვარ, რომ ამ მიმართულებით ვიფიქრო. თუმცა, როგორც ერთჯერად პროექტში მონაწილეობას მივიღებ, იმისათვის, რომ აღდგეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი. იმიტომ რომ კობახიძე, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ზუსტად ამ მიმართულებით ყველაფერს.
ახლა რა ფორმით, ვისთან, როგორ, ახალი პროექტი დაიბადება თუ რაიმე არსებულ კონფიგურაციაში მოხვდება ეს ყველაფერი, ამაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია. უპარტიო საქართველო უნდა გააქტურდეს, იმიტომ რომ არსებული პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, ვერ ფარავს იმ მოთხოვნილებას, რაც პოლიტიკურ ბაზარზე გვაქვს”,– ამბობს გია ხუხაშვილი მთავარი არხის ეთერში.
მან რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა ახლა ვალდებულებამ ძალა დაკარგა.
“მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი.
შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს”,– წერს ხუხაშვილი.