„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციებს გაუაზრებელს და უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს.
„ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნეისისთვის დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ამ ხალხმა ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი გააკეთა, რომ ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაოებების და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება იმიტომ, რომ ამ ხალხს არც უნარი, არც რწმენა და არც კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა ბოკერიამ.
„უნდა მომზადებულიყო სამედიცინო სფერო იმისათვის, რომ გაზრდილ რაოდენობას გაუძლოს. ელემენტარული რაღაცები იყო გასაკეთებელი : კოვიდ საწოლების მატება, კოვიდ და არაკოვიდ დაწესებულებების გამიჯვნა, ცხელი ხაზის რესურსის გაზრდა, მოწესრიგება ამ სფეროსი. ეს ხალხი უტიფრად თან იძახის, რომ პრობლემა არ გვაქვსო და თან, მეორე მხრივ, ყოველ დღე ვიგებთ ამბებს,რომ ხალხს არ იღებენ საავადმყოფოებში. ამ დროს, ლაპარაკობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვაზე და იმ თემებზე, რომლებიც უბრალოდ ეკონომიკას დაარტყამს და ჩვეულებრივი მოქალაქეების მომავალს გაანადგურებს. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ „ევროპულ საქართველოს“ მყარი გეგმა ჰქონდა, რაც გულისხმობდა წნეხის არსებითად შემსუბუქებას მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის. არც ერთი მიმართულებით არ დგამენ ნაბიჯს“, – განაცხადა ბოკერიამ.