წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა, გია ხარჩილავამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევაზე.
მისი თმქით, წალენჯიხაში დასახული მიზნების მისაღწევად მზად არის მთავრობასთან თანამშრომლებისთვის, თუმცა აქვს ღონისძიებაზე არდასწრების საფუძველი.
“ვაცხადებ, რომ მე არ (ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს: სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რომელთანაც არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას, სულ სხვა შედეგი დადგებოდა! სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში!
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნას შესაბამის კლინიკაში. არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია”,– წერს ხარჩილავა.
მისივე შეფასებით, არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში.
“სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე,როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება!
დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი, რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ – მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ”,– აცხადებს გია ხარჩილავა.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველი ქალაქების და თემების ახლადარჩეულ მერებს მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობდა.