“გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს“–კადიროვი უარყოფს, რომ ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა შეუკვეთა

რამზან კადიროვი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველ ჟურნალისტზე, გიორგი გაბუნიაზე მისი შეკვეთით თავდასხმა მზადდებოდა.

“ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც წარმატებით ვითარდებოდნენ ისეთი ადამიანების მიერ იმართება, რომლებიც იმის მაგივრად, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრობდნენ სულელურ განცხადებებს აკეთებენ. დამიჯერეთ ბატონებო, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის ამ დავალებას შეასრულებს.“– დაწერა ჩეჩნეთის მეთაურმა ტელეგრამზე.

კადიროვი გიორგი გაბუნიას განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ჟურნალისტი ჩეჩნეთის ლიდერის პირადი მტერი გახდება.

„ეს თქვენი ვაიჟურნალისტიც, რომელიც თავს მედიის წარმომადგენლად ასაღებს, ისედაც ძლივს არის ცოცხალი და განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ყველა სერიოზული მედია მას რედაქციიდან პანჩურით აგდებს. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ მიაყენა მან სახელმწიფოს, ხალხს და შესაბამისად მეც შეურაცხყოფა. გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – აცხადებს კადიროვი.