გიორგი გაბუნია საქართველომ რუსეთს უნდა გადასცეს – დუმის დეპუტატი

“ქართველმა ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ისევ მიაყენა შეურაცხყოფა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფაზე და ის უნდა იქნას გამოყენებული”. – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე შერინმა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ შერინი ამბობს, რომ  ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ  გამოძიება მოსკოვში „ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის” მუხლით უნდა დაიწყოს და საქართველომ ამისთვის გაბუნიას რუსეთს უნდა გადასცეს.

„არსებობს მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფის შესახებ. ის უნდა გამოვიყენოთ, ალბათ, ამ ჟურნალისტის მიმართ. აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და შემდეგ, უბრალოდ, მოვითხოვთ ამ პიროვნების [გადაცემას]“, –  განაცხადა შერინმა.

შეგახსენებთ, რომ

15 ივნისს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვს დაქირავებული მკვლელი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

გიორგი გაბუნიამ “პოსტ ფაქტუმის” ეთერიდან ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი მიმართვა გაუგზავნა.