“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლარიზებისა და გამწვავებული კომფრონტაციის ფონზე მაღალია სამოქალაქო დაპირისპირების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“პასუხისმგებლობის ხელისუფლებისთვის დაკისრება არ გვარიდებს იმ სამოქალაქო დაპირისპირების ძალინ დიდ საფრთხეს, რომელიც დღეს საქართველოშია. ქაოსი და არეულობაა არის რუსეთის მოკავშირე”,– ამბობს ვაშაძე.
მისი აზრით, პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგება ერთი მხარის გამარჯვებისა და მეორე მხარის დამარცხების ხარჯზე, ამიტომ საჭიროა ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბება, რომელშიც გამარჯვებული იქნება საქართველო.
ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას სთავაზობს “საქართველოს გამარჯვების სტრატეგიას”, რომელიც 7 პუნქტს მოიცავს:
- პოლიტიკური დიალოგის დაწყებისთვის პირველ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გარანტიების შექმნა და ამ მიზნით მისი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა;
- ვინაიდან, საერთო და საყოველთაოდ აღიარებული აზრია საქართველოში არსებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, აუცილებელია იმ სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებში გამოიწვევს ნდობას და მოკლე დროში უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით შექმნის სამართლიანი სასამართლოს პირობებს მიხეილ სააკაშვილისთვის და მომავალში მსგავსი ტიპის საქმეებზე;
- პარლამენტმა გონივრულად მოკლე ვადებში უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, რომელიც განსაზღვრავს და შექმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ გარანტიებს;
- პოლიტიკური კრიზისის დროული და მყისიერი გადაჭრისათვის აუცილებელია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების სამივე მოსმენით მიღება რეგლამენტით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადაში;
- დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მმართველობითი ფორმის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გაითვალისწინებს გაზრდილი უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის შესაძლებლობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რაც მინიმუმამდე დაიყვანს პირდაპირი გზით არჩეული რეალური ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე სახელმწიფო მეთაურის, პრეზიდენტის პირობებში არაფორმალური მმართველობის რისკებს;
- მომზადდეს თვითმმართველობის რეფორმის ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შექმნის თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეალურ საფუძვლებს, რაც თავის თავში გააერთიანებს ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას;
- ძალაუფლების განაწილება მოხდეს 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამატებით იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, აირჩევს საქართველოს პარლამენტი იმ პარლამენტის წევრების უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში”,– აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს, დაიწყონ დიალოგი ამ საკითხების რეალიზებასთან დაკავშირებით.