„დიდი ოპოზიციური ერთიანობის ჩამოყალიბება, თითქოს საგარეო კურსთან გატარებული ფრონტის ხაზით, თეორიულად მომხიბლავად ჩანს, მაგრამ რეალურად, ეს ფრონტის ხაზი ძალიან პირობითია. სინამდვილეში, თუ გადავხედავთ ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს, დავინახავთ, რომ რეალურად, საზოგადოებაში ორპოლუსიან პოლიტიკურ პროცესზე მოთხოვნილება არ არსებობს, იმიტომ რომ ორპოლუსიანობა ნეგატიურ დღის წესრიგს ნიშნავს ანუ, თითქოს ტატამზე ორი მხარე ადის და ერთმანეთს თავ-პირი უნდა დაალეწოს, ეჭიდაოს. სინამდვილეში პოზიტიური დღის წესრიგის მოთხოვნაა. ამომრჩევლის უმრავლესობა პოზიტიურ დღის წესრიგს არცერთ ამ ორ პოლუსთან არ აკავშირებს – არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ალბათ, ამ დიდი კოალიციის ორბიტალური მიზიდულობის ცენტრადაა განხილული. ამომრჩევლის უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის. აქტიური ამომრჩევლის დაახლოებით ნახევარი ითხოვს მომავლის არჩევანს ანუ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებს. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ არჩევნები იყოს აქტიური და ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, ამომრჩეველს პოლიტიკურმა ბაზარმა ალტერნატიული არჩევანი უნდა შესთავაზოს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს მოგვცემს იმას, რომ სკეპტიკურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე წავა და საარჩევნო პროცესი ლეგიტიმაციას შეიძენს. ამომრჩეველს პოზიტიური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნება და არა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.[…] ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრს არ მოეთხოვება, რომ ხელისუფლებაში 50%-იანი შედეგით მოვიდეს. ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია ისაა, რომ ერთგვარი ოქროს გასაღები ჩაიგდოს ხელში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ასეთი ალტერნატიული ცენტრი გაჩნდა 10-15%-ის ფარგლებში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ექსკლუზიურად ვერ მოდის და ამ ალტერნატიულ ცენტრზე იქნება დამოკიდებული, ვისთან შევა ალიანსში. შესაბამისად, ამ ოქროს გასაღების მქონე ცენტრს, შეუძლია მაქსიმალური პირობები წაუყენოს ერთსაც და მეორე მხარესაც ანუ 15%-ით მიიღოს ძალაუფლების 50%-იანი წილი. ჩვენ 2024 წლის არჩევნებზე მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება გვჭირდება. მულტიპარტიული კოალიცია ქვეყანაში დამყარდება არა დიდი კოალიციებით, არამედ ფრონტის ხაზის მაქსიმალური გაშლით, რათა საბოლოოდ მივიღოთ სწორი და სახელმწიფოებრივად სასარგებლო კონფიგურაცია“
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადამ, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი ვაშაძე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს.