„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეს, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებოდნენ, 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
„ცხოვრებაში არასდროს პოლიციის მიმართ არ გამომიჩენია უპატივცემულობა, მაგრამ ამ ადამიანის ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობის გაღვივებას, რომელიც მაიძულებდა ჩემ გვერდით მდგომები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, მეც გადავსულიყავი ჭიდაობასა და ჯაჯგურზე გადავსულიყავი… მთელი დილა ეს შავნიღბოსნები გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ… ნებისმიერი მათი ქმედება აღიქმებოდა ჩვენი მხრიდან თავდასხმად და იძულებულები ვიყავით თავი დაგვეცვა.[…] იმდენმა ადამიანმა დამაკავა, მეგონა ვიღაცაში ვეშლებოდი. მოვიდნენ, წაიღეს ჩემი მეუღლის ლეპტოპი, ჩემი ბავშვის ელექტრო ძიძის მოწყობილობა. წავიდნენ ოფისში და მთელი ოფისი გამიჩერეს. ჩვენთვის კომპიუტერი იგივეა, რაც მოცურავისთვის აუზი – პროკურატურამ წაიღო უკვე ცხრა თვეა. ეს მაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული“.-უთხრა მოსამართლეს ოკმელაშვილმა.
ყოფილი მორაგბე, სარეკლამო კომპანია “ლიმონის” დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს, 17 მაისს გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე ძალადობას, ასევე მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც ედავებოდნენ, მეორე ბრალდება (მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა) დაცვის მხარის მოთხოვნით ოკმელაშვილს 15 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.