შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 50–მდე მოწმე გამოკითხეს და ათობით საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.
“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარის კალაპოტში მისი ცხედარი აღმოაჩინეს.
გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის: საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან”, – აცხადებს უწყება.