გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს ჩაინიშნა.
გამოძიებას ამ დრომდე 19 წლის ფეხბურთელის საქმეში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალდება არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენია.
გამოძიებას ბრალდებულებისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარსადგენად 2 კვირიანი ვადა რჩება.
გიორგი შაქარაშვილის ოჯახი “ტოიტა კამრის” ექვსივე მგზავრისთვის ამ მუხლის წაყენებას ითხოვს. შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მას დაკავებულებისთვის ბრალის დამძიმების მოლოდინი აქვს.
იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ ბრალის დამძიმებისთვის საჭირო გარემოებები ვერ გამოკვეთა, არ არის გამორიცხული სასმართლო სხდომა გადაიდოს. თუმცა იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, გამოძიებას ვადები შეზღუდული აქვს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.