გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული მორაგბე, არჩილ გაგნიძე, საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს.
მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, გაგნიძეს ამ ექსპერიმენტით იმის გამორიცხვა სურს, რომ „ტოიოტა ქემრის” მგზავრები შაქარაშვილს გაეკიდნენ. ადვოკატის თქმით, გაგნიძე ამტკიცებს, რომ ისინი შაქარაშვილს არ გაკიდებიან – „სწრაფი ნაბიჯებით” გაჰყვნენ.
„კატეგორიულად მოგვთხოვა, რომ ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი, რის საფუძველზეც დადასტურდება, რომ იქ ყოფნის ხანგრძლივობა არ აღემატება ხუთ წუთს. შეუძლებელია ამ დროში, რა ვერსიაც არსებობს, რომ წყალში ჩაიყვანა ვინმემ ან ჩაიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რეალური იყოს. ვაპირებთ, ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი – რამდენად რელევანტურია, რომ ხუთ წუთში სცემდნენ კიდეც და წყალში ჩაიყვანდნენ.
გაგნიძე აღნიშნავს, რომ გაკიდება არ ყოფილა. იყო გადასვლა სწრაფი ნაბიჯებით. გაკიდება არ ყოფილა”, – ამბობს კობაიძე.
გიორგი შაქარაშვილი დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება ასფიქსიამ გამოიწვია წყალი დახრჩობით, სხეულზე კი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები ჰქონდა, გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. მიუხედავად ამისა, განზრახ მკვლელობაზე ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.