გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თსუ-ის პროფესორი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა კი სისხლის სამართლის წესით. პროკურატურა მათ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 2 თებერვალს პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით 27 იანვარს, მას შემდეგ მიმართეს, რაც ხასაიასა და ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.