ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. შეერთებული შტატების ცნობით, დაღუპულებს შორის არის 13 სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 18 დაშავდა. თალიბები ამბობენ, რომ 28 ადამიანი დაკარგეს.
“იცოდეთ, რომ ჩვენ არ გაპატიებთ, არ დავივიწყებთ, გიპოვით და პასუხს გაგებინებთ”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
მომხდარის გამო ჯო ბაიდენმა რამდენიმე ოფიციალური ვიზიტიც გააუქმა. მან ამერიკელ სამხედრო მეთაურებს გეგმის შემუშავება და ისლამური სახელმწიფოს ობიექტების განადგურება დაავალა. ქაბულის აეროპორტში მოწყობილი ტერორისტული აქტი დაგმეს მსოფლიო ლიდერებმაც, ანგელა მერკელმა, ბორის ჯონსონმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.
26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, კერძოდ მისმა ავღანურმა დანაყოფმა. თვითმკვლელმა ტერორისტმა აეროპორტის შესასვლელთან, სადაც ავღანელი ლტოლვილები იყვნენ შეკრებილნი, თავი აიფეთქა. მეორე აფეთქება ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა.