გირჩი-მეტი თავისუფლებამ და ლელომ თბილისის საკრებულოში ბოიკოტი გამოაცხადეს

ლელომ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ თბილისის საკრებულოში ბოიკოტი გამოაცხადეს. მიზეზად ისინი რუსულ კანონს  და იმ ძალადობას ასახელებენ, რასაც რეჟიმი აქციის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ახორციელებს.

“თითოეულ ჩვენგანს კონკრეტული პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ კონსტიტუცია ამ რუსული სპეცოპერაციისგან დავიცვათ, რომლის მიზანია, საქართველოს სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის, საკრებულოში, პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულებრივ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.

მინდა, ლელოს სახელით განვაცხადო, რომ დღევანდელ სხდომას ბოიკოტს ვუცხადებთ და გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში იქამდე, სანამ პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ გვიკარნახებს. მაშინ, როცა პოლიტიკოსებს ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული კრიმინალები სახლებთან ხვდებიან. როდესაც სპეცრაზმი ბავშვებს ფიზიკურად, უმოწყალოდ უსწორდება და მაშინ, როცა მმართველი პარტია საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, შეუძლებელია, პოლიტიკური ცხოვრება ამ მოცემულობაში გაგრძელდეს”. – თქვა ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ.

განცხადება გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა, ცოტნე კობერიძემაც გააკეთა.

  • “კონსტიტუცია ყველა სახელმწიფო ორგანოს ავალდებულებს, რომ ქვეყნის პროდასავლური კურსი უზრუნველყოს, მაგრამ საკრებულო ამ ვალდებულებას გაურბის და ჩუმად არიან […] ჩვენთვის ეს სიჩუმე არის ის გედის სიმღერა, რომელიც ახლა ქოცებს აქვთ. ამიტომ, იყვნენ მარტო, ჩაატარონ სხდომები და ერთმანეთის სიჩუმეს უსმინონ […] გირჩი-მეტი თავისუფლების სახელით ვაცხადებ, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ”. – ამბობს კობერიძე.