გირჩი – მეტი თავისუფლება მეორე ტურში ყველა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს დაუჭერს

ფოტო: რადიო თავისუფლება

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებში ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს დაუჭერს. მეორე ტურში გადავიდა ამავე პარტიის წარმომადგენელი, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი საბურთალოზე, ბორის ყურუა.

“სრულად ვკონცენტრირდებით მეორე ტურზე, სადაც ყველა ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. მათ შორის, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ბორის (ჩელე) ყურუა იქნება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისში ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც გადავიდა მეორე ტურში, რომლის საარჩევნო კამპანიაზეც აპირებს გირჩი-მეტი თავისუფლება სრულად კონცენტრირებას”,- თქვა ბადრი გრიგალაშვილმა, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა.

მისი შეფასებით, შეუძლებელია, 2 ოქტომბრის არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად. გრიგალაშვილი განმარტავს, რომ ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ევროპარლამენტარებისა და სენატორების შეფასებებიც.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “გირჩი-მეტი თავისუფლება”, დროასთან, ევროპულ საქართველოსთან და სხვა პარტიებთან თანამშრომლობით ეცდება, თითოეული ხმა დაიცვას და გასაჩივრებული ბიულეტენები გადათვალოს.