პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” აფთიაქის გახსნას აპირებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკოსებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ნიკა მოსიაშვილმა განაცხადეს. მათი თქმით, ამ პროექტით ისინი ეხმიანებიან პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ თურქეთში საქართველოსთან შედარებით წამლები იაფია.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათი მიზანი იქნება იმის დემონსტრირება, თუ რატომ არის საქართველოში მედიკამენტები ძვირი მეზობელ ქვეყანასთან შედარებით. მისი განმარტებით, ფასების მკვეთრი სხვაობის მიზეზი სახელმწიფო ბიუროკრატია და არსებული რეგულაციებია.
პარტიის თავმჯდომარის ცნობით, გეგმავენ, მედიკამენტები თურქეთიდან შემოიტანონ. პარტია მთავრობას მოუწოდებს, ამ დროისთვის არსებული რეგულაციები გააუქმონ.
“თვე იქნება, თუ თვე-ნახევარი, არ ვიცი, რამდენი დაჭირდება [გახსნას], მაგრამ მანამდე ჩათვალეთ, რომ ვადა აქვს მთავრობას, რომ ეს ბიუროკრატიული ბარიერები და რეგულაციები ჩახსნას და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, იაფი წამალი შემოიტანოს და ამ ქვეყანაში გაყიდოს. თუ ჩახსნიან, როცა გავალთ ამის ფინალში, უცებ წამლები გაიაფდება ძალიან მარტივად. თუ არ ჩახსნიან, მაშინ ჩვენ გზაში სადღაც გავიჭედებით და ვანახებთ ღარიბაშვილსაც და თქვენც, რომ აი, აქ იჭედება პროცესი. სავარაუდოდ, გაიჭედება სარფში”,– თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მოთხოვნადი წამლები, რომელიც თურქეთში 1-2 ლარი ღირს, საქართველოში 10 ლარად იყიდება. მისი თქმით, თურქეთიდან წამლების იმპორტი რატომღაც აკრძალულია.
“დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს”,– აღნიშნა პრემიერმა.