გირჩი – მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის შენობის წინ ნაგავი დაყარეს

გირჩი – მეტი თავისუფლების წევრებმა სუს-ის შენობის წინ ნაგავი დაყარეს. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არ სჯერა პროტესტის კლასიკური ფორმებით, ამიტომ ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს ისე, რომ ამით ხელისუფლება გააღიზიანოს.

“არ გვჯერა ტრადიციული პროტესტის გზებით, ჩვენ გვჯერა, რომ ამათ ნერვები უნდა ვუშალოთ, საბოტაჟი მოვუწყოთ და გავუკეთოთ პარალიზება. ახლა მოსული ვართ სუს-თან, რადგან აქედან იმართება ყველაფერი, მათ შორის აქედან ყალბდება არჩევნები.

საყოფაცხოვრებო ნაგავი 30-მდე ადამიანმა წამოვიღეთ, არ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი მგონია ბოროტების მთავარი ადგილი ამ ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას არ აქვს აზრი ცესკოსთან და ასეთ სტრუქტურებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა”, – ამბობს ჯაფარიძე და მოუწოდებს მოქალაქეებს, მიიტანონ და სუსთან ნაგავი დაყარონ.

ის და პარტიის რამდენიმე წევრი პოლიციამ 80-80 ლარით დააჯარიმა. ჯაფარიძის თქმით, ნაგვის დაყრას მომდევნო დღეებშიც აპირებენ.