პარტია გირჩი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მათი სტუმარი შორტების გამო არ შეუშვეს. ვახო მეგრელიშვილის შეფასებით, ეს “არაადამიანური წესრიგია”.
“ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც მოდიოდა ჩვენთან, არ შემოუშვეს [პარლამენტში] შორტების გამო. გუშინ იკითხა, შორტებით რომ მოვიდე, შეიძლებაო? მე უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა პარლამენტის შენობაში ადამიანი მხოლოდ იმის გამო არ შემოეშვათ, რომ შორტებით არის. ანუ, შეიძლება ეგეთი წესრიგი არსებობს აქ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მე მგონია, რომ ეს არის არაადამიანური, ძალიან სულელური წესრიგი. ჩოხით უნდა მოვიდეს მართლა?!”,– აცხადებს ის საკუთარ გადაცემაში, რომელიც პარლამენტიდან, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
იაგო ხვიჩიას თქმით, იცოდა, რომ პარლამენტის დარბაზში შორტით შესვლა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, თუ “ასეთი საკრალური იყო პარლამენტის ჩაბნელებული დერეფანი”.