“გირჩი”, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, მმართველ გუნდს შეხვედრამდე 7 დღიან ვადას სთხოვს. ამის შემდეგ კი შეძლებს უმრავლესობას საკუთარი გეგმა წარუდგინოს. “გირჩში” არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და სწორედ ეს არის ერთკვირიანი პაუზის აღების მიზეზიც.
“ზოგადად გვინდა შეხვედრა “ქართულ ოცნებასთან”, შეიძლება ტელეფონითაც შევეხმიანოთ ერთმანეთს, ისე გავარკვიოთ, უბრალოდ ამბავი გადავცეთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, ჩვენ ზოგადად გვინდა რომ საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ გირჩის ე.წ. მესამე გზა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა პარლამენტში შესვლა, პრობლემა გვაქვს იმაში, რომ პარლამენტი არ გვაქვს, შესაბამისად კითხვა მდგომარეობს ამაში – სად შევიდეთ. უბრალოდ უნდა გავარკვიოთ “ქართული ოცნება” ისევ იგივე აზრზეა, რომ 48 ვარ მე და თქვენ 3 – ასე უყურებს საკითხს, თუ პარლამენტი მართლა პარლამენტი ჰგონია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ რა არის საღი აზრი. ასეთი ტიპის გარანტიები თუ ქართული ოცნებისგან დაიდო, მთელი ოპოზიცია შეიძლება იქ შევიდეს,-” აცხადებს “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
“გირჩის” ნაბიჯებს ელოდებიან უმრავლესობაში. ისინი არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში მათთან კომუნიკაცია დაამყარონ და პოზიციები დააახლოვონ.
“იმ საკითხებზე შეთანხმების საფუძველი, რომელსაც თავად აცხადებენ საჯაროდ, არის რეალური, ვინაიდან ამ საკითხებზე ქართულ ოცნებას გააჩნია საკმაოდ კომპრომისული და თანმხვედრი პოზიციები,” – აცხადებს ქართული ოცნების წევრი გიორგი ამილახვარი.