გლდანის ბაზრის მოვაჭრეები ბაზრის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ურნაში გადაყარეს.
,,დილით გამოვედით. გვინდოდა, გაგვეყიდა ეს პროდუქტი ცოტა მაინც. მოვიდა ინსპექცია, დაგვიშალეს, აიღეთო. მოვიდა პატრული, დავემორჩილეთ, უსიტყვოდ დავემორჩილეთ და ავიღეთ. რა გავაკეთოთ? 2 თვე ვზივართ სახლში. ჩვენ უკან დგანან ბავშვები, მოხუცები. რა გავაკეთოთ? მივიდეთ ნებისმიერ დიდი მაღაზიაში და ვნახავთ, თუ იცავენ დისტანციას, რაღა ამ გლეხებზე და გაუბედურებულ ხალხზე გადადის ყველაფერი“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე „ტვ პირველთან”.
კიდევ ერთი მოვაჭრის თქმით, მათ ბაზრის გარეთაც არ აძლევენ ვაჭრობის უფლებას.
,,მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი. კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზრის გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ, ეს უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო, გადით აქედანო”, – ამბობს მოვაჭრე.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.