გლდანის ციხეში ეტლით მოსარგებლე პატიმარი გარდაიცვალა – ოჯახი ამტკიცებს რომ ბადრაგებს ცემაში შემოაკვდათ

გლდანის ციხეში ეტლით მოსარგებლე პატიმარი გარდაიცვალა – ოჯახი ამტკიცებს რომ 52 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სცემეს.

გარდაცვლილი მამაკაცის დავით გუჯეჯიანის ნათესავები ირწმუნებიან, რომ ეტლით მოსარგებლე მსჯავრდებული საპყრობილეში სისტემატური ძალადობის მსხვერპლიი იყო, პატიმრის გარდაცვალების ამბავი კი ოჯახს მაშინ შეატყობინეს, როცა ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიოროში ჰყავდათ გადასვენებული.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ოჯახისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ. “ვივა მედში” გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უმტკცებენ, რომ გუჯეჯიანის გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა

გარდაცვლილი პატიმრის დედა “პირველებთან” საუბარში ამბობს, რომ შვილთან კომუნიკაცია გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჰქონდა. მას აქვს ეჭვი, რომ გუჯეჯიანს ფიზიკურად ციხის რამდენიმე წარმომადგენელი გაუსწორდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.

  • ”4-ში ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, 6 რიცხვში მირეკავენ პენიეტნციურიდან და მეუბნებიან, რომ დავით გუჯეჯიანი გადავიყვანეთ ვივა მედში. რატომ-მეთქი? და გამოკვლევებზეო. გათიშული მიუყვანიათ, პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანესო. სავარაუდოდ, დავით დარასელიასთან, როცა იციან, რომ წამები და წუთები აქვს დარჩენილი, მიჰყავთ ვივა მედში და იქ „აპრავებენ“, რომ იქ გარდაიცვალა, რომ ციხეს არ დაეწეროს. გლდანის მე-1 სამკურნალოს დირექტორს, დავით დარასელიას, შენ ვინ დაგაყენა მანდ, შე ჯალათო! რამდენი პატიმარი უნდა შემოგაკვდეს?!, – ამბობს გუჯეჯიანის დედა TV პირველთან.

ოჯახი პატიმრის გარდაცვალებაში ციხის უფროსის, დავით დარასელიას გარდა კიდევ ორ ბადრაგს, ზვიად ჯარიაშვილს და ზვიად ქავთარაძესაც ადანაშაულებს. მათი თქმით, აღნიშნული პირები გუჯეჯიანის ცემის საქმეში ადრეც მონაწილეობდნენ.

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე ამბობს, რომ დასნეულებულ პატიმარს ფიზიკურად ნოემბერშიც გაუსწორდნენ. ქალის თქმით, მისმა მეუღლემ სასამართლოს წინა დღეს მოითხოვა, რომ სხვისი საპარსი მასთან არ შეეტანათ, თუმცა ამ მოთხოვნის შემდეგ, ის ბადრაგებმა სცემეს.

”ვფიქრობ იმას, რომ ჩემი მეუღლე კიდევ ერთხელ სცემეს და შემოაკვდათ გლდანის დაწესებულებაში და მიცვალებული გადაიყვანეს უკვე ვივა მედში. სასტიკი წამების, ცემის და ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. ხშირად ნაცემ მდგომარეობაში იყო, იმის მიიუხედავად, რომ დავითი ეტლით მოსარგებლე იყო. ვითხოვდი დახმარებას, ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატშიც იცოდნენ. ზვიად ჯარიაშვილი და ზვიად ქავთარაძე – ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცი, რომლებმაც ნოემბრის თვეში სცემეს ჩემს მეუღლეს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. იმიტომ, რომ ორ დღეში სასამართლო სხდომა ჰქონდა დავითს და თავის მოწესრიგება უნდოდა და სხვისი ნახმარი საპარსი შეუტანეს.  ეტლში მჯდომ პატიმარს სცემდნენ, უსწორდებოდნენ. შეიძლება, იმის გამოც ეჩხუბათ და ეცემათ, სულ რატომ წევხარ საწოლში ან სულ ეტლში რატომ ზიხარ, ადექი გაიარეო. თვითონაც მონაწილეობდა ციხის უფროსი დავით დარასელია. თუ ღვიძლის უკმარისობა დაეწყო, უნდა დაერეკათ ჩემთან, დონორთან. სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს. პატიმარი იყო, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, რომ სუნთქავდა და ცოცხალი იყო”, – ამბობს მეუღლე.