პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
“დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა. არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა,”- აცხადებს უწყება IPN-ის ცნობით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.
“პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციური დაწესებულების მომსახურების მხრიდან განხორციელებული სამსახურეობრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”,- აცხადებს ინსპექტორის სამსახური.
გლდანში 32 წლის პატიმრის, ეგორ გრეგორენკოს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ადვოკატმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა გაავრცელა.