გლდანში ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ჭყიპინამ” მძიმე პროვოკაცია მოაწყო -კახა კალაძე

“გლდანში ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ჭყიპინამ” მძიმე პროვოკაცია მოაწყო” – თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში პროვოკაცია ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა “ჭყიპინამ” მოაწყო.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაფრთხილეთ მედია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ასევე, გავაფრთხილეთ ყველა, იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად ამ რაიონებში ფიქსირდება.

ზემოხსენებული გეგმის შესაბამისად ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად ჭყიპინამ მძიმე პროვოკაცია მოაწყო. ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. მე ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის მხარდაჭერა და აქტივობა, რომელიც დღეს არის საარჩევნო უბნებზე. მინდა მივმართო ყველას ვინც ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე, ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის”, – განაცხადა კალაძემ.