გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან“, კოტე ზარნაძემ, რომელიც გუშინ გლდანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მოგვიანებით რესტორანში იქეიფა.
ამ ფაქტს “ფორმულასთან” საუბრისას ის ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ რესტორანში ყოველდღე დადის.
“ბოლომდე ვერ გავარკვიეთ დეტალები, იყვნენ თუ არა ჩაწერილები ჩვენს რაიონში, რომ დავხმარებოდით, კომუნიკაცია დღესაც გამგებლის მოადგილე ოჯახის წევრთან, ასე რომ, ამ კითხით არანაირი პრობლემა, მე ვფიქრობ, არ არის.
რაც შეეხება რესტორანში ყოფნას, ვადასტურებ, ვიყავი, რა თქმა უნდა, პატარა ბავშვი მე არ ვარ. მაგრამ რესტორანში ვარ თითქმის ყოველდღე და იყო ერთი ჩვეულებრივი დღე. ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ამერიკიდან და ძალიან გვიან შევიარე ამ რესტორანში და ვნახე ჩემი მეგობარი. ეს მარტო ჩემი ტრაგედია კი არა, საქართველოს ტრაგედია იყო [5 ადამიანის გარდაცვალება]”,– ამბობს ზარნაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანის მე-2 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.