რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში იკრიბებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები და ადგილზე ვითარება შესაძლოა დაიძაბოს.
მისი განმარტებით, ადგილზე მიდის “დომენიკ მანგო” მხარდამჭერებთან ერთად, გუმათში კი ქართული მარშის და მსგავსი იდეოლოგიის წარმომადგენლები არიან.
გოლეთიანის განმარტებით, ამ ჯგუფებს ემიჯნებიან და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
“ყველანაირ პოლიტიკურ ჯგუფს ვემიჯნებით. ამ მიმართულებით წითელი ხაზი გვაქვს. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენს აქციებზე პარტიული სიმბოლიკებით ან პარტიული მოწოდებებით გამოცხადდეს. თუ აქციაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით დადგება ვინმე, ამას ვერ შევზღუდავთ.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა ჯგუფების კონცენტრაცია ხდება გუმათში. პოლიციასაც მივმართეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, მაგრამ განგვიცხადეს, რომ შესაბამისი ზომების მიღებას არ აპირებენ. ჩვენ შეიძლება დავდგეთ იმ ფაქტის წინაშე, რომ ამ ჯგუფებს შორის შეიძლება ურთიერთობა აქ დაიძაბოს, მაგრამ ამ ნაწილშიც მათ გავემიჯნებით. თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოვითხოვთ, რომ ადგილი დატოვონ. ჩვენ მათთან იდეურ და მით უმეტეს საქმიან თანამშრომლობას ვემიჯნებით ყველა ასპექტში”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.