გომელაურის თქმით, 5 ივლისს სპეცრაზმი გამოიყვანეს, თუმცა ეკიპირება არ ეცვათ

პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შეხვედრა დასრულდა. მინისტრის თქმით, პრეზიდენტს 5-6 ივლისის მოვლენებზე ინფორმაცია დეტალურად გააცნო.

გომელაურის განმარტებით, 5 ივლისს სპეცრაზმი გამოყვანილი ჰყავდათ, თუმცა მათ შესაბამისი ეკიპირება არ ეცვათ.

კითხვები ჩნდება, რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი – ვინ გეუბნებათ, რომ სპეცრაზმი არ იყო გამოყვანილი, არ ვიცი. გამოყვანილი იყო სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის, რომ მაინცდამაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა იარონ. ეს არიან პოლიციელები ჩვეულებრივად. როცა სჭირდებათ, რომ ჩაიცვან და აღიჭურვონ ამ ეკიპირებით. პლასტმასები, ხელკეტები… არ იყო საჭირო [ეკიპირება]. ​

სპეც⁠რაზმი იყო გამოყვანილი ყველა – 3 200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. 3 ლოკაცია იყო თავიდან, მერე გახდა 8 და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 3 200 ადამიანი რომ გავანაწილოთ 20 ლოკაციაზე, დაახლოებით 150 კაცი გამოვა ერთ ლოკაციაზე. ფიზიკურად არ არის საშუალება. საშუალება რისიც იყო, გამოვიყვანეთ… მოძალადეებს, რისი საშუალებაც იყო ვაკავებდით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს 53 ჟურნალისტზე იძალადეს, მათი დაცვა პოლიციამ ვერ შეძლო.